by Maiko gogorikidze
Copyright © 2021
დავით IV აღმაშენებელი (დ. 1073,[3] ქუთაისი — გ. 6 თებერვალი, [ძვ. სტ. 24 იანვარი], 1125[4][5]) — საქართველოს მეფე 1089–1125 წლებში, გიორგი II-ის ძე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ძლევამოსილი მხედართმთავარი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში.
დავით IV ტახტზე 1089 წელს 16 წლის ასაკში ავიდა, მას შემდეგ, რაც მამამისი — გიორგი II, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული გახდა შვილის სასარგებლოდ ტახტზე უარი ეთქვა. დავითს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო: ქვეყანა დარბეული იყო მტრის შემოსევებისაგან, თურქ-სელჩუკთა მომთაბარე ტომები სახლდებოდნენ დაპყრობილ ტერიტორიებზე და ქართველ ხალხს ფიზიკური განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ, დიდგვაროვანი ფეოდალები მეფეს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, საქართველოს მეფის ხელისუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით არ ვრცელდებოდა.[6]
დავითმა თავისი ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში შეძლო საბოლოოდ დაესრულებინა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების პროცესი, სელჩუკი დამპყრობლები ქვეყნიდან განედევნა, საქართველო რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ ექცია და მემკვიდრეებისათვის გადაებარებინა ქვეყანა, რომელიც გადაჭიმული იყო „ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე“. პიროვნული ღირსებებისა და ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 26 იანვარი (ახ. სტ. 8 თებ.) დააწესა
თურქ-სელჩუკების შემოსევამ არსებითად შეცვალა პოლიტიკური ვითარება კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში. დამარცხებულმა ბიზანტიამ პოლიტიკური სარბიელი სელჩუკებს დაუთმო და ისინიც მტკიცედ დამკვიდრდნენ სამხრეთ კავკასიაში.
მომთაბარე სელჩუკები სრულიად განსხვავდებოდნენ არაბებისა და ბიზანტიელებისაგან, ისინი დაპყრობილ ტერიტორიაზე სახლდებოდნენ და მეურნეობისათვის საჭირო მიწებს იკავებდნენ. სელჩუკების მეჯოგეურ-მომთაბარული მეურნეობა შეუთავსებელი იყო ქართული ფეოდალური მეურნეობისათვის. პრიმიტიული მეურნეობა მკვიდრდებოდა მტკვრის, ალაზნის, ივრისა და არეზის სანაპირო ჭალებზე. მაღალგანვითარებული კულტურები, ბაღ-ვენახები, პურეული და სხვა კულტურები ადგილს უთმობდა საძოვრებს. თურქობა საქართველოს ფეოდალურ მეურნეობას მიწას აცლიდა და მას გადაშენების საფრთხეს უქმნიდა და აფერხებდა საქართველოს და საერთოდ, კავკასიის გაერთიანება-ცენტრალიზაციას.
საქართველო იმდენად დაკნინებული იყო, რომ მისი მეფის უფლებები მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდა, „საზღვარი სამეფოსა მთა მცირე ლიხთა, და სადგომი სამეფო წაღულისთავი“. როცა მეფეს ქართლის ჭალაში ან ნაჭარმაგევს ნადირობა სურდა, წინასწარ აგზავნიდა კაცებს ადგილების დასათვალიერებლად და შემდეგ გადმოდიოდა.[13] დავით IV–ს მემკვიდრეობად ერგო თურქ-სელჩუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები, მთებში გახიზნული დამშეული მოსახლეობა.
Published: Feb 6, 2021
Latest Revision: Feb 6, 2021
Ourboox Unique Identifier: OB-1035174
Copyright © 2021