by Ekaterine
Copyright © 2018
საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ შემუშავებული დღის წესრიგი და დადგენილების პროექტი ეროვნული საბჭოს 1918 წლის 26 მაისის სხდომისათვის.
1918 წლის 24-25 მაისი
[1918 წლის 24-25 მაისი]
საბჭომ რა დადგენილებანი მიიღოს
26 მაისის სხდომაზე
1. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი
2. კანონების შესახებ:
დროებით ძალაში დარჩეს ძველი კანონები და სეიმის დადგენილებანი
3. ფინანსები:
ა) დროებით დარჩეს ძველი წესი ფულის ბეჭდვისა, სანამ შემუშავდება ჩვენი ფინანსური სისტემა.
ბ) ფინანსთა მინისტრი იქნება ქართველი. ექსპედიციაც მის განკარგულებაში იქნება. ის გაანაწილებს ფულის ნიშნებს პროვინციაში და მეზობლებისათვის, ნაციონალურ საბჭოებთან შეთანხმებით; ექსპედიციაში თათრებსა და სომხებს ეყოლებათ თითო წარ-მომადგენელი.
4. რკინის გზა:
ჩვენს ხელში იქნება მთელი სამმართველო, სადაო რაც იქნება, გამოირკვევა შეთანხმებით.
5. ეროვნული საბჭო:
ა) აღმასრულებელი კომიტეტი უქმდება.
ბ) საბჭო ირჩევს თავის ახალ პრეზიდიუმს მეორე კრებაზე.
გ) დადასტურებულ იქნეს წევრთა და კანდიდატთა სია, საბჭოს რეორგანიზაციის საკითხი მიენდოს განსახილველად სამანდატო კომისიას, რომელსაც დაევალება საბჭოს წევრთა და კანდიდატთა სიის გადასინჯვა, სამანდატო კომისიის არჩევა.
6. დაარსდეს რვა სამინისტრო; საკონტროლო ორგანო ცალკე იქნება. უქმდება სა-სურსათო და მზრუნველობის სამინისტროები. შეერთებულია ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის, მიწათმოქმედებისა და შრომის სამინისტროები.
შემდეგი სამინისტროები იქნება:
1. შინაგან საქმეთა
2. საგარეო
3. სამხედრო
4. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის
5. განათლების
6. მიწათმოქმედების და შრომისა
7. იუსტიციისა
8. გზათა
მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა:
1. თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა – ნოე რამიშვილი
2. საგარეო – აკაკი ჩხენკელი
3. სამხედრო – გრიგ. გიორგაძე
4. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობისა – გიორგი ჟურული
5. განათლებისა – გიორგი ლასხიშვილი
6. მიწათმოქმედებისა და შრომისა – ნოე ხომერიკი
7. იუსტიციისა – შალვა მესხიშვილი
8. გზათა – ივ. ლორთქიფანიძე
საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 1836, აღწერა 1, საქმე 12, ფურცლები 127-128. მანქანაზე ნაბეჭდი. დედანი.
წყარო: ვახტანგ გურული, 1918 წლის 26 მაისი (დოკუმენტები და მასალები)
საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, მიძღვნილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისადმი.
1918 წლის 25 მაისი
საქართველოს ეროვნული საბჭოს
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
25 მაისს, 1918 წ.
ღამის 11 საათზე
დაესწრნენ: ნ. ჟორდანია, გ. ლასხიშვილი, პ. საყვარელიძე, კ. გვარჯალაძე, ნ. ხომე-რიკი, ალ. ლომთათიძე, ს. ჯიბლაძე, შ. მესხიშვილი, კ. მესხი, ნ. რამიშვილი, იას. ლორთქიფანიძე, გ. ვეშაპელი, გ. ჟურული, ალ. ასათიანი, ი. მაჭავარიანი, დ. ვაჩნაძე, გ. გვაზავა, ირ. წერეთელი, ე. გეგეჭკორი, კ. ჩხეიძე, ვ. გობეჩია.
თავმჯდომარე ნ. ჟორდანია
მდივანი დ. ნახუცრიშვილი
ნ. ჟორდანია აცნობს დამსწრეთ ა. ჩხენკელის დეპეშას და წერილს, სადაც იგი თხოულობს დაჩქარებულ იქნეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, რადგან გვიანდება და აუცილებელი კია.
შემდეგ თავმჯდომარე განმარტავს, რომ სურვილი იყო ამაღამ ათს საათზე შეკრებულიყო სეიმი, რომელიც გამოაცხადებდა სეიმს დაშლილად და შემდეგ საბჭო გამოაცხადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ სეიმის ზოგიერთმა ფრაქციებმა შეკრებაზე უარი სთქვეს, მაგალითად მუსავატმა განაცხადა, რომ მათ ჯერ არ განუხილავთ საკითხი და აზრი არ შეუმუშავებიათ, თუ ქართველებს სურთ დამოუკიდებლობის გამოცხადება, გამოაცხადონ, ჩვენ ხელს არ უშლით; სომხებმა განაცხადეს, რომ შესამუშავებელი აქვთ თავიანთი განცხადება და თხოულობენ გადაიდოს სეიმის სხდომა ხვალ დილით.
რადგანაც ჩვენ გვინდოდა მათთან თანხმობით საქმის გაკეთება, მაგრამ რადგან არ ხერხდება და არ სურთ, ჩვენ უნდა ცალკე ვიმსჯელოთ. სეიმის კრება დღეს არ მოხდება, დანიშნულია ხვალ დღის 12 საათზე. სეიმის შემდეგ საბჭო სასახლეშივე გამოაცხადებს საქართველოს დამოუკიდებლობას.
შემდეგ გაიმართა სჯა ბაასი იმის შესახებ, თუ როდის გამოცხადდეს დამოუკიდებლობა; რადგან ძალიან საჭიროა ამ აქტის გამოცხადება, რამდენიმე ორატორი იმ აზრისა იყო, რომ დღესვე გამოცხადებულიყო აქტი საქართველოს დამოუკიდებლობისა.
მაგრამ ნ. ჟორდანიამ განმარტა, რომ დღევანდელი გამოცხადებით საქმე გართულდება, ვინაიდან სეიმი და მისი მთავრობა არსებობს, არ გაუქმებულა, მაშინ ორი მთავრობა იქნება, რაც შეუძლებელია; შეიძლება ზოგიერთმა წინააღმდეგობა გაგვიწიონ, დამოუკიდებელი საქართველო არ სცნონ, მათთან შეტაკება მოგვიხდება; ამიტომ გამოცხადება გადაიდება სახვალიოთ.
რადგან შეთანხმება არ მოხდა, ამ ორ ჯგუფს შორის, კენჭი უყარა საკითხს: “საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდეს დღეს თუ ხვალ”.
პირველს მომხრე აღმოუჩნდა 6 ხმა
მეორეს …. 4 ხმა
გადაწყდა გამოცხადებულიყო დღესვე; ამის გამო ნ. ჟორდანიამ განაცხადა: რაკი დღესვე გამოცხადდება დამოუკიდებლობის აქტი, იგი პასუხისმგებლობას არ კისრულობს მოსალოდნელ შედეგებისას.
მაგრამ მცირე ხნის შემდეგ გამოირკვა, რომ დამოუკიდებლობის აქტი ჯერ შემუშავებული არ არის და ვერ იქნება წაკითხული; რამაც გამოიწვია თავის თავად აქტის გამოცხადების გადადება სახვალიოთ.
ვინაიდან საქმე მაინც საშურია, ნ. რამიშვილის წინადადებით გადაწყდა: ხვალ, 26 მაისს, დილით 10 საათზე მოხდეს სეიმის სხდომა, ხოლო 12 საათზე საბჭოსი.
ნ. ჟორდანიამ შემოიტანა წინადადება: გარკვეულ იქნეს ის საკითხები, რომლებიც ხვალინდელ საბჭოს სხდომაზე, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, უნდა იქნეს განხილულ-დადასტურებული:
- რა კანონები იქნება საქართველოში.
დამოუკიდებელ საქართველოში დროებით იმოქმედებს ყველა ის ძველი კანონები და სეიმის დადგენილებანი, რომელნიც მოქმედებდნენ დღევანდლამდის ამიერკავკასიაში.
- ფინანსები.
ა) ფულის ბეჭდვის წესი დარჩეს დროებით ძველი, ვიდრე შემუშავდებოდეს ჩვენი საკუთარი ფინანსური სისტემა.
ბ) ჩვენს საფინანსო დაწესებულებაში წარმოდგენილი ეყოლებათ თათრებს და სომხებს, სანამ ფულის სისტემა იქნება ძველი.
- რკინის გზა.
რკინის გზის სამმართველო ჩვენს ხელში იქნება, მხოლოდ რაც სადაოა, ის გამოირკვევა შეთანხმებით მეზობლებთან.
- ეროვნული საბჭოს ორგანიზაცია.
ა) აღმასრულებელი კომიტეტი უქმდება.
ბ) საბჭო ირჩევს თავის ახალ პრეზიდიუმს მეორე კრებაზე.
გ) არჩეულ იქნას სამანდატო კომისია, რომელსაც დაევალოს საბჭოს რეორგანიზა-ციის საკითხის განხილვა, წევრთა და კანდიდატთა სიის გადასინჯვა.
- მთავრობის რეორგანიზაცია.
ა) დაარსდეს რვა სამინისტრო, საკონტროლო ორგანო დაარსდეს ცალკე.
ბ) უქმდება სასურსათო და მზრუნველობის სამინისტროები.
გ) შეერთებულია: ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის, მიწათმოქმედების და შრომის სამინისტროები.
დ) სამინისტროები იქნება შემდეგი:
- შინაგან საქმეთა
- საგარეო
- სამხედრო
- ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობისა
- განათლების
- მიწათმოქმედების და შრომის
- იუსტიციის
- გზათა
ე) მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა:
- თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა – ნოე რამიშვილი
- საგარეო – აკაკი ჩხენკელი
- სამხედრო – გრიგოლ გიორგაძე
- ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობისა – გიორგი ჟურული
- განათლების – გიორგი ლასხიშვილი
- მიწათმოქმედების და შრომის – ნოე ხომერიკი
- იუსტიციის – შალვა მესხიშვილი
- გზათა – ივანე ლორთქიფანიძე
მცირე კამათის შემდეგ ყველა ეს წინადადება მიღებულ იქნა.
წაკითხულ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პროექტი, შემუშავებული კომისიის მიერ.
ამ პროექტის შესახებ გაიმართა კამათი, რომელიც დასრულდა იმით, რომ პროექტი შესწორებულ იქნეს კამათის დროს გამოთქმული აზრების თანახმად. შესწორება აქტის პროექტისა დაევალა ბ. ნ. ჟორდანიას.
კრება გათავდა 11 1/2 საათზე.
თავმჯდომარე ნ. ჟორდანია
საქმეთა მმართველი პ. საყვარელიძე
მდივანი დ. ნახუცრიშვილი
საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 1836, აღწერა 1, საქმე 49, ფურცლები 1-4. მანქანაზე ნაბეჭდი. დედანი
წყარო: ვახტანგ გურული, 1918 წლის 26 მაისი (დოკუმენტები და მასალები)
Published: May 24, 2018
Latest Revision: May 24, 2018
Ourboox Unique Identifier: OB-485323
Copyright © 2018